თეგი: პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური: რეალობას მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს ციხეებში COVID19 მასობრივად გავრცელდა

შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში COVID19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების. ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან. საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე. რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა - 86%, რევაქცინირებულია - 81%, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი ჩაუტარდა 3076 მსჯავრდებულს. ასევე, ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94 %. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია ინფიცირებული“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშორებით მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. „მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. ექსპრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს 2 მაისამდე აძლევს.

მიხეილ სააკაშვილი: ექიმო დეპუტატებო, მომინახულეთ, არ ვაპირებ პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია, Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ. „მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც „ჰიპოკრტეს ფიცი“ აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი, ასევე ექიმ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ საჯარო განცხადებები გააკეთონ. „ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და „ჰიპოკრატეს ფიცისადმი“ თქვენი პროფესიული ერთგულების!“- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.  ასევე წაიკითხეთ კარლ ჰარცელი: მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. "სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში. ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მცირე დროის საქმეა, ეს გარდაუვალია მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

პენიტენციურ სამსახური, მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. „მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რეალობისგან განსხვავებული საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას. 19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამედიცინო გამოკვლევების დასრულებას არ დაელოდა, დატოვა კლინიკა და მედიასაშუალებებთან საუბრისას სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. ტყუილია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან, შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. მსგავსი მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2022 წლის 18 მაისამდე არავის მოუმართავს. ვიზიტის მოთხოვნიდან მეორე დღეს, 2022 წლის 19 მაისს, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული ნ. გვარამია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნ. გვარამია, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან, ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ. იგი დაწესებულებაში სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობა გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა განაცხადა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს, საკანში, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა, ჩხუბის დროს, შურისძიების მოტივით, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი შ.ა. შებოჭა  და მოკვლის განზრახვით, მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში,  N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და  ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იყო ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო - კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“. მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება“, - აცახდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე ესკორტის ოფიცერი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე,  სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან - ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა. 2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე. ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული, რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობაა. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 - საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული, არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა. მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება. ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები. სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ. N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. ,,ერთობლივი განცხადება“, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე მითითებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოების დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.  

პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. „მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. 20 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპრპოტესტო აქცია - „გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრს, - სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.  

რა ცვლილებები ამოქმედდა დღეიდან რიგ სფეროებში

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა.­ 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: - საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. ასევე ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ დადგენილებით ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა იმ ადგილებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. შს სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ასევე დღეიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაშია. 2024 წლის პირველი იანვრიდან “პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება. მას აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება. მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს;განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება მიენიჭოთ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს. მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

წვრთნების გავლის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის საქმიანობაში მალინუას ჯიშის ორი ლეკვი ჩაერთვება

წვრთნების გავლის შემდეგ, მალინუას ჯიშის ორი ლეკვი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვება. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ჩვენი გერმანული ნაგაზი, სახელად პრადა, ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ პასუხისმგებლობას იღებს ოთხფეხა მეგობრების მოვლა-პატრონობასა და წვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.